აქ მიიღებთ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე გაეცნობით, როგორ შეგიძლიათ გაუმჯობესოთ გრანტი და როგორ მოიპოვოთ სახელმწიფო ან კერძო სტიპენდიები.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასარჩევად გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. მათი არჩევის შემთხვევაში, თუ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისწავლით სრულიად უფასო.
დაფინანსებული მიმართულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გრანტის გაუმჯობესება
სტუდენტებს გეძლევათ სახელმწიფო დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობა. თუ თქვენ არ გაქვთ გრანტი ან მოპოვებული გაქვთ ნაწილობრივი დაფინანსება (50% ან 70%), შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და გაიუმჯობესოთ არსებული გრანტი.
გაითვალისწინეთ: თუ გამოცდაზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, არსებული გრანტი შეგინარჩუნდებათ და ცვლილება არ მოხდება.
სწავლის საფასურის დაფინანსების შესაძლებლობები
- საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების კატეგორიები. ამ დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური ფინანსდება სრულად, ხელშეკრულების სრულ ვადაზე. მომდევნო სასწავლო წლებზე დაფინანსების გასაგრძელებლად განმეორებითი რეგისტრაცია საჭირო აღარ არის. ზოგიერთი კატეგორიის სტუდენტებისთვის შესაძლებელია ჩარიცხვის წელს დაფინანსების ვერ მოპოვების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ მომდევნო სასწავლო წლებში გამოცხადებულ კონკურსებშიც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეჟიმში რეგისტრაციით. რეგისტრაცია წარმოებს სექტემბრის თვეში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდის (www.mes.gov.ge) ბანერის საშუალებით „სტუდენტთა სახელმწიფო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“ (პორტალი: http://socreg.mes.gov.ge).
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: 032 2 200 220
გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრების სტუდენტების სწავლის დაფინანსების“ პროგრამას. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრების სტუდენტები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდის (www.mes.gov.ge) ბანერზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“ (https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo)
განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეჟიმში რეგისტრაციით. რეგისტრაცია წარმოებს დეკემბრის თვეში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური ფინანსდება სრულად. მომდევნო სასწავლო წლებზე დაფინანსების გასაგრძელებლად აუცილებელია ყოველწლიური რეგისტრაციის გავლა.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ოჯახის წევრი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის (სრული ან ნაწილობრივი) დაფინანსებას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამინისტროში ყოველსემესტრულად წარადგინონ მოთხოვნა, საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ახორციელებს ვეტერანების ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობის სემესტრულ დაფინანსებას, სასწავლო წელზე მაქსიმუმ 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაფინანსებაზე მოთხოვნის წარდგენის დროისათვის სტუდენტის მიერ დასაფარი (და არა სრული) სწავლის საფასურის დაფინანსებას. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამსახურს ყოველსემესტრულად წარუდგინონ მოთხოვნა, საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
გაითვალისწინეთ: თუკი თქვენი ოჯახის წევრი არის ვეტერანი და ამავდროულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, დაფინანსების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ორივე სტრუქტურას.
- სოციალურად დაუცველმა და/ან წარმატებულმა სტუდენტებმა, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა და შშმ პირებმა, სწავლის საფასურის დაფინანსების თხოვნით, შეგიძლიათ მიმართოთ თბილისისა და სხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (რუსთავის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ყაზბეგის და ა.შ.) მერიებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს („მაკი“, „აგროჰაბი“ და სხვ).
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.
- პირველი საფეხურის ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის საფასურის ყოველსემესტრულ დაფინანსებას ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში (SOCAR). დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებსა და სოკარის მიერ გამოცხადებულ პერიოდში ყოველსემესტრულად დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სოკარის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე შესაბამის ინფორმაციას ამზადებს და აწვდის უნივერსიტეტი. სტუდენტების მიერ დამატებითი დოკუმენტების უნივერსიტეტიდან გატანა საჭირო არ არის. დაფინანსებულ სტუდენტებს განცხადებით მომართვის გარეშე, მომდევნო სემესტრში არ შეგეზღუდებათ „არგუსი“ და დაუბრკოლებლად შეძლებთ სასწავლო პროცესში ჩართვას.
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.
- ეთნიკურად სომეხი სტუდენტების სწავლის საფასურის ყოველსემესტრულ დაფინანსებას ახორციელებს სომხეთის საგანმანათლებლო ფონდი. დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებს და სემესტრის დასაწყისში შესაბამისი დოკუმენტები გადააგზავნოთ ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე.
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.
- საქართველოს ბანკის სტიპენდია − საქართველოს ბანკი მეორე წელია კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფს დაფინანსებას სტუდენტებისთვის, მთლიანი სასწავლო წლის ან ნაწილობრივი დაფინანსებისთვის. შეფასებისა და საკონკურსო პირობები ყოველ წელს განსხვავებულია. 2025 წელს, გასაუბრების ეტაპისთვის სტუდენტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება და სამოტივაციო წერილი იყო. გასაუბრების შედეგად შეირჩა 6 სტუდენტი.
სტუდენტებს, რომლებიც ელოდებიან სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან და უნივერსიტეტი სტუდენტის ან თავად დამფინანსებლისგან მიიღებს ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, დაფინანსების საკითხის განხილვამდე გადაეწევათ შესაბამისი სემესტრის საფასურის გადახდის ვადა. ამ პერიოდში სტუდენტს არ ეზღუდება წვდომა „არგუსზე“ და დაუბრკოლებლად ერთვება სასწავლო პროცესში. სტუდენტი ვალდებულია სრულად დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება, თუკი ვერ მიიღებს დაფინანსებას.