ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
18 აპრილს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, მერაბ სვანაძე, შეხვდება.
საუბრის თემაა: „მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა“.
შეხვედრაზე განხილული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) პროგრამები მათემატიკაში და მათი უპირატესობები სხვა ანალოგიურ პროგრამებთან. ასევე, საუბარი შეეხება მათემატიკის გამოყენების ძირითად სფეროებს, ამ პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებს.
მომხსენებლის შესახებ
მერაბ სვანაძემ 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 2004 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. იგი ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორია 2006 წლიდან. არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო.
დრო: 18 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
