ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
13 ივნისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, დავით თარხნიშვილი, შეხვდება.
საუბრის თემაა: „ბიოლოგიის და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამები“.
მომხსენებლის შესახებ
დავით თარხნიშვილმა სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში და მას მერე სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია). მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანია.
დრო: 13 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
