ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
21 მარტს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ლექტორი, მარინე ადამია შეხვდება.
საუბრის თემაა: „მუსიკა სხვადასხვა რაკურსით“.
შეხვედრა შეეხება მუსიკის სპეციფიკას, როგორც მულტიკულტურულ, ინტერ- და ინტრადარგობრივ ფენომენს, მუსიკის როლს საზოგადოებაში, თანამედროვე საუნივერსიტეტო სამუსიკო განათლებასა და კონკრეტულად ილიაუნის მუსიკის პროგრამებს, რომლებიც მიმართულებებისა და კურსების ფართო არჩევანს იძლევა. ლექცია გაფორმებული იქნება ვიდეო- და აუდიომასალით.
მომხსენებლის შესახებ
მერინე ადამიამ, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) დოქტორის (PhD) ხარისხი მუსიკაში და წლების განმავლობაში ასწავლიდა ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე. იგი ფლობს შემოქმედებითი შოტლანდიის ჯილდოს. 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დააარსა და ხელმძღვანელობს მუსიკის ცენტრს. მისი სხვადასხვა ჟანრისა და მასშტაბის მუსიკალური ნაწარმოები სრულდება საქართველოსა და ევროპაში.
დრო: 21 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
