ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
11 აპრილს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ემზარ ჯგერენაია, შეხვდება.
საუბრის თემაა: „სოციოლოგია დღეს“.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, სოციოლოგიის მეცნიერების პარადიგმა მუდმივად იცვლება. პირველი სოციოლოგები იმედოვნებდნენ, რომ ისინი კაცობრიობის, საზოგადოების განვითარების უზოგადეს კანონებს აღმოაჩენდნენ და ხელს შეუწყობდნენ კაცობრიობას ბედნიერი და ჰარმოუნიული ცხოვრების მიღწევაში. რა ხდება დღეს? როგორ ხედავენ სოციოლოგები საკუთარ ამოცანას? რაში მდგომარეობს სოციოლოგის ხელობის არსი? სად და როგორ ყიდიან სოციოლოგები საკუთარ ცოდნას? ემზარ ჯგერენაია ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდება.
მომხსენებლის შესახებ
ემზარ ჯგერენაიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“; იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია 2006 წლიდან.
დრო: 11 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
