ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
23 მაისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, დავით მალაზონია, შეხვდება.
საუბრის თემაა: „ისტორიული აზრის განვითარების ეტაპები“.
ლექციაზე ვიმსჯელებთ, თუ რა გავლენას ახდენდა ისტორიულ აზროვნებაზე ფილოსოფიური კონცეფციები, მსოფლმხედველობრივი მიდგომები, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმები და სხვ.
მომხსენებლის შესახებ
დავით მალაზონიამ 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წელს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები; 2002 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის II ნახევარში“. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში დოცენტად, 2004 წლიდან – პროფესორად. 2005-2006 წლებში ასრულებდა პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. გამოქვეყნებული აქვს ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან, იყო განათლების ფაკულტეტის დეკანი.
დრო: 23 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
