ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
25 აპრილს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, დავით აფრასიძე და გიორგი გვალია შეხვდებიან.
საუბრის თემაა: „რატომ უნდა ავირჩიოთ ილიაუნის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა“.
ლექციაზე გაგაცნობთ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს; განვიხილავთ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინებს, მათი მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობასა და აქტუალურობას; ვისაუბრებთ ზემოაღნიშნული დისციპლინების ძირითად თემებზე, კონცეფციებზე, მეთოდებზე და მათ სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან მიმართებაზე.
დავით აფრასიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ჰამბურგის უნივერსიტეტში 2003 წელს. სხვადასხვა დროს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. არის კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს კონსულტანტი. 2009-2010 წლებში იყო ფულბრაიტის სტიპენდიატი დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ). 2000-2004 წლებში იყო ჰამბურგის უნივერსიტეტთან არსებული მშვიდობის კვლევებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი.
დრო: 25 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
