ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
6 ივნისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ნინო მხეიძე, შეხვდება.
საუბრის თემაა: „რა შეუძლია კინოს“.
მსოფლიო და ქრთული კინოს ისტორიის ცოდნა სტუდენტს დაეხმარება, გაერკვეს კინემატოგრაფის ძირითად მიმდინარეობებში: ფრანგული და რუსული ავანგარდი, გერმანული ექსპრესიონიზმი, სურრეალიზმი, ნეორეალიზმი, ინგლისელი „გაბრაზებულები“, ფრანგული ახალი ტალღა, ახალი გერმანული კინო და სხვა. კინომიმდინარეობების, მსოფლიო კინოშედევრებისა და გენიალური რეჟისორების, მსახიობების, ოპერატორების შემოქმედების ცოდნა სტუდენტს გამოუმუშავებს პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. საგნის სწავლების მიზანია განათლებული პროფესიონალის აღზრდა. პრაქტიკული მეცადინეობა-სემინარებისა და ფილმების ჩვენებით, სტუდენტი საფუძვლიან ცოდნას შეიძენს კინოესთეტიკაზე; უახლესი კომპიუტერული თუ ციფრული კინოს ნიმუშების გაცნობა მას გაუადვილებს თანამედროვე კინოპროცესებში გარკვევას. სემინარების, საჯარო განხილვების, თეორიული მასალის შესწავლითა და კონფერენციებში მონაწილეობით სტუდენტი გამოიმუშავებს პროფესიისათვის საჭირო კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს. რატომ ილიას უნივერსიტეტში? იმიტომ რომ აქ ასწავლიან ამ დარგის საუკეთესო პედაგოგები, პროფესორები : გიორგი გვახარია, თეო ხატიაშვილი, ლევან კიტია, ანუკა ლომიძე, ნინია კაკაბაძე, თამარ ბართაია და სხვა.
ნინო მხეიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის (კინომცოდნეობის სპეციალობით) დამთავრების შემდეგ, ამავე ინსტიტუტში 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა და იკვლევდა ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში არსებულ ტენდენციებსა და მიმდინარეობებს. ამავე დროს, 2007-2010 წლებში იყო წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი. იყო დამფუძნებელი და თანარედაქტორი გაზეთებისა: „სარკმელი“ და „კულტურა“. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ბოლშევოს, ლვოვის, რიგის, იურმალის, ვაშინგტონის, ბოსტონის, ამსტერდამის სტუდენტური ფილმებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2011წლიდან, არის კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კინოცენტრის ერთობლივ პროექტში „კინო სკოლაში“. არის დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი და მრავალი სამეცნიერო თუ საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
დრო: 6 ივნისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
