ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის 22 თებერვლიდან იწყებს აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ პროექტს – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს უმასპინძლებს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის დასასრულს, ყველა აბიტურიენტი ილიაუნის სიმბოლიკიანი სასაჩუქრე ნაკრებით დასაჩუქრდება.
პირველი შეხვედრა გაიმართება 22 თებერვალს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ზურაბ პერტაია, მომავალ სტუდენტებს ილიაუნის ბიზნესის სკოლაში არსებულ ინოვაციებსა და ამ მიმართულების უპირატესობებს გააცნობს.
საუბრის თემაა: როგორ ვისწავლოთ მეტი: თეორიის და პრაქტიკის გაერთიანება. შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ პერტაია შეეცდება, უპასუხოს აბიტურიენტთა ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს:
- რატომ უნდა ვისწავლო ბიზნესის ადმინისტრირებაზე;
- რა პროფესიას შევიძენ, თუკი ბიზნესის ადმინისტრირებას ვისწავლი;
- რა უფრო უკეთესია – დავიწყო ბიზნესი თუ ვიმუშაო სხვასთან;
- რა შესაძლებლობებს მაძლევს ილიაუნი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
მომხსენებლის შესახებ
ზურაბ პერტაია ილიაუნის ბიზნესის სკოლაში 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს მეწარმეობის მიმართულებით. მას აქვს სხვადასხვა ტიპის კომპანიაში – ევროპულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, საბანკო-საფინანსო სფეროში, საკონსულტაციო კომპანიებში – მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება ფინანსების, სტარტაპების, ინოვაციების და პროექტების მართვის მიმართულებით. მისი ძირითადი სფეროა მეწარმეობა.
2015 წლიდან, ზურაბ პერტაია, ილიაუნის ბიზნესინკუბატორის ფარგლებში, ხელმძღვანელობს მობილური აპლიკაციების პროექტს, რომელიც დღემდე წარმატებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში ამ ეტაპზე ილიაუნის ბიზნესის სკოლის 4 სტუდენტია ჩართული.
შეხვედრის დრო: 22 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
